რა არის სამუშაო ეთიკა? სამუშაო ეთიკა არის ქცევითი და ღირებულებითი სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ არის დაშვებული და რა - დაუშვებელი ორგანიზაციაში. სამუშაო ეთიკა შეიძლება იყოს ძლიერი (კარგი) ან სუსტი (ცუდი), ის დამოკიდებულია ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების პირად შეხედულებებზე, მათ მოტივაციაზე და ზოგადად ორგანიზაციულ კულტურაზე.

კარგი (ძლიერი) სამუშაო ეთიკი მქონე თანამშრომელი ყოველთვის დიდი ინტერესითაა ჩართული ნებისმიერ საქმეში, რომლის კეთებაც უწევს. ასეთ ადამიანებს ხშირად ახასიათებს კონკურენტული სულისკვეთება, ამბიციურობა და მაღალი პროფესიონალიზმი, და ეს ყოველივე სამუშაო მიზნების მიღწევას ხმარდება. ძლიერი სამუშაო ეთიკის ადამიანებს წარმატების მიღწევის მოტივაცია ამოძრავებს, და უბიძგებს მათ მუდმივად იმუშაონ არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე, არამედ თვითგანვითარებაზეც.

შესაძლებელია თუ არა კარგი სამუშაო ეთიკის სწავლა? მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, სამუშაო ეთიკა პიროვნების ხასიათის და მისი ცხოვრებისეული დამოკიდებულების  ნაწილია, მისი სწავლაც, რაღა თქმა უნდა, შესაძლებელია. ახალბედა თანამშრომლისთვის სწავლის საუკეთესო საშუალება დაკვირვებაა. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ იქცევიან ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები სხვადასხვა სტანდარტულ თუ არასტანდარტულ სიტუაციაში - მაგალითად, სამუშაო შეხვედრების დროს. ამით, პირველ რიგში, უკეთ მიხვდებით, თუ რა ტიპის „ეტიკეტია“ მიღებული თქვენს ორგანიზაციაში სამუშაო შეხვედრის დროს; გარდა ამისა, ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ სხვადასხვა ადამიანების თუ გუნდების კომუნიკაციის თავისებურებებზე.

მაგალითად, ზოგიერთ ორგანიზაციაში თანამშრომლებს მოეთხოვება დღის წესრიგის წინასწარ მომზადება, შეხვედრაც უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს; სხვაგან უფრო არაფორმალური და სპონტანური შეხვედრებია მიღებული; ზოგ კომპანიას დაწესებული აქვს თანამშრომლებს შორის ინფორმაციის რეგულარული გაცვლის მკაცრი განრიგი და პროცედურა, სხვაგან კი საჭიროებისამებრ გაგზავნილი მოკლე შეტყობინებაც საკმარისია და ა.შ. ერთი სიტყვით, დააკვირდით სხვებს და გამოიტანეთ დასკვნები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ქცევა ფასდება თქვენს ორგანიზაციაში, როგორც დადებითი, რა მიიჩნევა კარგ სამუშაო ეთიკად.

გარდა ამისა, მუშაობის დაწყების პირველივე დღეს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს უშუალო მენეჯერს და კითხოთ, როგორაა „მოწყობილი“ ორგანიზაცია, „რა როგორ მუშაობს“;  პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან დაგჭირდებათ მისგან ამგვარი მეგზურობა, ასე რომ ნუ მოგერიდებათ მისი მოთხოვნა.

სანდო, საიმედო, პროდუქტიული თანამშრომელი დისციპლინირებულია. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ნაკლებად პროდუქტიული პერიოდები, როდესაც მეტს ვზარმაცობთ, ვცდილობთ საქმის გადადებას ან გაჭიანურებას, ან მაღალი სტრესის გამო ვერ ვახერხებთ საქმეზე ფოკუსირებას.  თუმცა, თვითდისციპლინა გვეხმარება ვიცოდეთ, თუ როგორ ვმუშაობთ, რა სამუშაო რითმი გვაქვს, რა დროს შეგვიძლია დამატებითი ძალისხმევის გაღება. თვითდისციპლინა უნარის მეშვეობით კოლეგების და ხელმძღვანელის თვალში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებით.

თვითდისციპლინის განვითარება გულისხმობს თვითკონტროლის დაუფლებას, ისევე როგორც ენერგიის სწორად განაწილების უნარს. იფიქრეთ, რომელი ამოცანებია თქვენთვის შედარებით იოლი შესასრულებელი (ასეთები ენერგიით გავსებენ) და რომელი - რთული (რომელიც  გცლით ენერგიისგან). დაფიქრდით ასევე, რომელი ამოცანებია ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის და თქვენი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის, ხოლო რომელი - შედარებით დაბალპრიორიტეტული.  თქვენი დროის უმეტესი ნაწილი ისეთი ამოცანების შესრულებაზე დახარჯეთ, რომლებიც ერთის მხრივ აგავსებენ ენერგიით და ამავდროულად მოუტანენ სარგებელს კომპანიას ან დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში. რთული ამოცანების შესრულებისას მოიძიეთ გზები, რომლითაც შეძლებთ ენერგიის დაზოგვას - მაგალითად, მოიხმეთ კოლეგა დახმარებისთვის, ან დააჯილდოვეთ საკუთარი თავი ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ.

დროის თანმიმდევრული მართვა დაგეხმარებათ დაიმსახუროთ კეთილსინდისიერი პროფესიონალის რეპუტაცია და ყოველთვის მაღალ დონეზე შეასრულოთ თქვენი ამოცანები, სწრაფად ცვალებადი პრიორიტეტებისა და სამუშაო გარემოს მიუხედავად. ყოველი სამუშაო დღე დაიწყეთ იმით, რომ გადახედეთ გასაკეთებელ საქმეებს და ეცადეთ დაიცვათ სწორი ბალანსი გადაუდებელ საქმეებსა და ისეთ საქმეებს შორის, რომლებიც უფრო გრძელვადიანი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტების შესასრულებლადაა აუცილებელი.

გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა აძლიერებს თქვენი მუშაობის შედეგებს, გიქმნით საიმედო ადამიანის რეპუტაციას. როდესაც გუნდურ ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებთ, ამით აჩვენებთ გუნდსაც და ორგანიზაციასაც, რომ უკეთ ხედავთ მთლიან სურათს, ზრუნავთ ორგანიზაციის მიზნებზე და გუნდური მოთამაშე ხართ.

ძლიერი სამუშაო ეთიკის მაგალითები:

  • ბარბარე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით, დროულად და ბოლომდე ასრულებს თავის ვალდებულებებს და შეპირებებს. ყველა იცნობს მას როგორც თანამშრომელს, რომელსაც შეგიძლია ენდო და რომელიც ნებისმიერ დავალებულ საქმეს ხარისხიანად შეასრულებს;
  • მირანდას დაავალეს სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია და კორპორატიული სადაზღვევო პაკეტის პირობების შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში კარგად ვერ ერკვევა, მირანდამ ზედმიწევნით შეისწავლა საკითხი, ესაუბრა რამდენიმე გამოცდილ კოლეგას, დაუსვა შეკითხვები უშუალო ხელმძღვანელს, და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავალება საუკეთესოდ შეესრულებინა;

სუსტი სამუშაო ეთიკის მაგალითები:

  • უფროსმა სთხოვა ლუკას გადახედოს ბოლო კვარტლის ფინანსურ ანგარიშებს და ამოიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი კლიენტის მიერ განხორციელებული ყველა შესყიდვის შესახებ; ამ დავალების შესასრულებლად უფროსმა ლუკას ორკვირიანი ვადა მისცა. ერთი თვე გავიდა, თუმცა ლუკას ჯერ არც დაუწყია ანგარიშების დათვალიერება. საბოლოოდ, მან ყველაფერი ბოლო წუთებში გააკეთა და ხელმძღვანელს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.  ლუკას ასეთი ქცევა პრიორიტეტების განსაზღვრის უუნარობისა და ცუდი სამუშაო ეთიკის სტანდარტული მაგალითია.
  • ლილის ზოგჯერ არ მოსწონს საქმე, რომლის კეთებასაც ავალებენ, თუმცა არასდროს მიუმართავს ამის გამო ხელმძღვანელობისთვის. სამაგიეროდ ის გამუდმებით წუწუნებს თანამშრომლებთან, მეგობრებთან, და ნებისმიერ სხვა ადამიანთან, ვინც მზადაა მოუსმინოს. ამით კომპანიის იმიჯი საგრძნობლად ილახება, ხოლო ლილის თანამშრომლებს არაკეთილგანწყობილ სამუშაო გარემოში უწევთ მუშაობა. გადაწყვეტილების ძიების ნაცვლად უკმაყოფილების და პრეტენზიების გამოხატვა ცუდი სამუშაო ეთიკის მაჩვენებელია.