მოდით, გავარკვიოთ, სასარგებლოა თუ არა წითელი ღვინო.

ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი და დავუსვათ Google-ს შეკითხვა: „რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო?“ ან „წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები“ (უკეთესია ინგლისურად დავგუგლოთ, მეტ ინფორმაციას მივიღებთ, თუმცა ქართულადაც შეიძლება). გუგლი მაშინვე  გვეტყვის, თუ რატომაა წითელი ღვინო კარგი, კერძოდ კი, სხვადასხვა წყაროებში ვნახავთ, რომ წითელი ღვინო:

  • აჯანსაღებს გულს;
  • ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ამცირებს კიბოს რისკს;
  • აჯანსაღებს ღვიძლს;
  • ამძაფრებს მეხსიერებას;
  • აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები და შეუძლია ჩააცხროს შაკიკი;
  • ხელს უწყობს წონაში კლებას, და ასე შემდეგ.

ახლა მოდი დავუსვათ Google-ს შეკითხვა შემდეგნაირად: „რატომ არ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო?“ ან „რა უარყოფითი თვისებები აქვს წითელ ღვინოს?“. ძიების შედეგად, სხვადასხვა წყაროებიდან მივიღებთ დაახლოებით ასეთ ჩამონათვალს:

  • იწვევს გულის პრობლემებს;
  • აზიანებს ღვიძლს;
  • ზრდის ძუძუს კიბოს რისკს;
  • ზრდის საყლაპავი მილის კიბოს რისკს;
  • შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები;
  • ხელს უწყობს შაკიკის ტიპის თავის ტკივილის აღმოცენებას;
  • აუარესებს მეხსიერებას;
  • ხელს უწყობს წონის მომატებას, და ასე შემდეგ.

თუ დავინტერესდებით, აღმოვაჩენთ, რომ ორივე ძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია არაა ჰაერიდან აღებული და გამყარებულია სავსებით სანდო, ლეგიტიმური კვლევებით, რომლებიც ადასტურებენ ზემოთ ჩამოთვლილიდან თითოეულ დასკვნას.  მაშ რა გამოდის? საერთოდ აღარ უნდა დავუჯეროთ ინტერნეტს? როგორ შევათავსოთ, როგორ დავალაგოთ თავში ეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია?

ამის გაკეთება შესაძლებელია კრიტიკული აზროვნების მეშვეობით.

რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება?

კრიტიკული აზროვნება არის უნარი იფიქრო ორგანიზებულად და რაციონალურად, იმისთვის, რომ კარგად გაერკვე, თუ რანაირადაა დაკავშირებული ერთმანეთთან ესა თუ ის იდეები თუ ფაქტები.  კრიტიკული აზროვნება გვეხმარება გადავწყვიტოთ, თუ რას დავუჯეროთ. არსებითად, კრიტიკული აზროვნება ნიშნავს თავად აზროვნების პროცესის მართვას, მასში ხარვეზების პოვნას, გაანალიზებას და შემდგომ - გამოსწორებას.

როგორ უნდა ვიაზროვნოთ კრიტიკულად? რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უნარ-ჩვევის დაუფლებისას, კრიტიკული აზროვნების ათვისებასაც დრო, ვარჯიში და მოთმინება სჭირდება, თუმცა არსებობს გარკვეული ინსტრუმენტები, კერძოდ კი კრიტიკული აზროვნების ნაბიჯები, რომელთა გამოყენება დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ.

კრიტიკული აზროვნების ნაბიჯები

  1. განსაზღვრეთ პრობლემა ან საკითხი. რაც უფრო ვიწროდაა ფორმულირებული საკითხი, მით უფრო მარტივია გადაწყვეტის ან პასუხის პოვნა.
  2. შეაგროვეთ მონაცემები, მოსაზრებები, არგუმენტები. ეცადეთ მონახოთ რამდენიმე ისეთი წყარო, რომელიც განსხვავებულ იდეებსა და ხედვას გთავაზობენ.
  3. გააანალიზეთ და შეაფასეთ შეგროვილი ინფორმაცია. სანდოა თუ არა წყაროები? გამყარებულია თუ არა მათი დასკვნები მონაცემებით? არსებობს საკმარისი ინფორმაცია / მონაცემები რომელიმე მოცემული მოსაზრების თუ ხედვის მხარდასაჭერად?
  4. გამოავლინეთ ვარაუდებზე დამყარებული, ტენდენციური ინფორმაცია. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს მიერ ნაპოვნი წყაროები ობიექტურია? დარწმუნებული ხართ, რომ თავად მიკერძოების გარეშე ეძებდით ინფორმაციას?
  5. დაადგინეთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი. ინფორმაციის რა ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი? არის თუ არა ყველა თქვენს მიერ მოძიებული მოსაზრება თუ არგუმენტი თქვენი პრობლემის (საკითხის) შესატყვისი?
  6. მიიღეთ გადაწყვეტილება / გამოიტანეთ დასკვნა. გამოიტანეთ რამდენიმე შესაძლო დასკვნა და შეეცადეთ გადაწყვიტოთ, რომელი მათგანია საკმარისად დასაბუთებული (თუ ასეთი საერთოდ არსებობს). 
  7. გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებს. როდესაც დასკვნა გამოტანილია, შეგიძლიათ წარუდგინოთ ის სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
     

ახლა მოდი დავუბრუნდეთ წითელი ღვინის პრობლემას და ვცადოთ მისი კრიტიკული განხილვა.

იყო თუ არა პრობლემა სათანადოდ ფორმულირებული?

ჩვენს მიერ დასმული საკითხი / პრობლემა ჟღერდა შემდეგნაირად: სასარგებლოა თუ არა წითელი ღვინო.

საკითხი ძალიან ფართოდაა დასმული. რას ნიშნავს „სასარგებლო“? სასარგებლო რისთვის? ჯანმრთელობის რა ასპექტებს ვგულისხმობთ? წითელი ღვინის დალევის მოკლევადიან თუ გრძელვადიან შედეგებზეა საუბარი? ხომ არ აჯობებდა, დაგვეკონკრეტებინა საკითხი და დაგვესვა კითხვა შემდეგნაირად: "სასარგებლოა თუ არა წითელი ღვინო გულისთვის?"

ან: "რა გავლენას ახდენს წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე?" და ასე შემდეგ.

საკითხის ვიწროდ და კონკრეტულად დაყენების შემდეგ მივმართოთ ისევ Google-ს და უკვე განახლებული ფორმულირებით მოვიძიოთ ინფორმაცია, რომელიც ეხება წითელი ღვინის გავლენას გულის მუშაობაზე. მოძიების დროს გავითვალისწინოთ, რომ სწორი დასკვნის გამოტანისთვის გვესაჭიროება წყაროების საკმარისი რაოდენობა (და არა მხოლოდ ერთი ან ორი). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ გული საკმაოდ რთული ორგანოა და ღვინომ შეიძლება არგოს მისი ფუნქციონირების ერთ რომელიმე ასპექტს, თუმცა იმავდროულად დააზიანოს რომელიმე სხვა.

როდესაც ჩავთვლით, რომ საკმარისი რაოდენობის მონაცემები / წყაროები მოვიძიეთ - დავიწყოთ შეგროვილი ინფორმაციის ანალიზი და შეფასება. ამ ეტაპზე სასარგებლოა რაც შეიძლება მეტი კითხვის დასმა, რათა  დავრწმუნდეთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობაში. სად მოვიპოვეთ ინფორმაცია? არის თუ არა ეს ვებგვერდი / ჟურნალი / საინფორმაციო საშუალება სანდო ან პრესტიჟული? თუ ეს ინფორმაცია ახალი ამბების რომელიმე სააგენტოს მიერაა გავრცელებული, იყო თუ არა იქვე მითითებული პირველწყარო / კვლევა, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას? იმ შემთხვევაში, თუ სტატია, რომელიც ვიპოვეთ, აღწერს ჩატარებულ კვლევას, არის ეს კვლევა გამყარებული კლინიკური ცდებით, თუ მხოლოდ ლიტერატურის მიმოხილვას (ანუ სხვადასხვა მონაცემების შედარებით ანალიზს) ეყრდნობა? ხომ არ გვაკლია რაიმე მონაცემები? მაგალითად, თუ კლინიკური ცდები ჩატარებულია გარკვეული რეგიონის მოსახლეობაში (მაგალითად, იაპონიაში), უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავსებით შესაძლოა, ცდისპირების გულის მუშაობაზე გავლენას არა მხოლოდ წითელი ღვინო, არამედ სხვა ფაქტორებიც ახდენდეს - როგორიცაა, მაგალითად, კვების რაციონი, იმ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობები და სხვა.

როგორც ხედავთ, ეს ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ შეგროვებული ინფორმაცია დავახარისხოთ, გავფილტროთ და საბოლოო დასკვნისთვის დავიტოვოთ მხოლოდ ის, რომელიც ნამდვილად სარწმუნოა და მიუკერძოებელი.

თუმცა, ტენდენციურობა უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციაში, არამედ ჩვენშიც.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს საწყის მაგალითს და შევხედოთ, როგორ მოვიძიეთ ინფორმაცია წითელი ღვინის შესახებ. თუ გავაანალიზებთ ჩვენს მიდგომას, აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ჩვენს მიერ ნაპოვნი ყველა წყარო ობიექტური და სანდო, თავად ჩვენ მოვიქეცით მიკერძოებით.

რატომ? იმიტომ, რომ გუგლში ინფორმაციის მოძიება თავიდანვე დავამყარეთ ჩვენს ვარაუდებზე.

კერძოდ კი, როდესაც დავგუგლეთ „რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო“ ან „წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები“, ამით, ფაქტობრივად, იმთავითვე ვივარაუდეთ, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა. როდესაც დავგუგლეთ „რატომ არ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო“ ან „რა უარყოფითი თვისებები აქვს წითელ ღვინოს“  - იმთავითვე ვივარაუდეთ, რომ წითელი ღვინო არაა სასარგებლო.

გუგლის საძიებო ალგორითმი კი ორივე შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვიპოვოთ სწორედ ამ ვარაუდებთან მაქსიმალურ შესატყვისობაში მყოფი ინფორმაცია - სტატიები, ამონარიდები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, თუ გვსურს მივიღოთ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია რაიმე საკითხთან თუ პრობლემასთან მიმართებაში, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ ვახდენთ საკითხის ფორმულირებას და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვები, ან საძიებო ფრაზები არ ქმნიან ცალსახა, მიკერძოებული პასუხების მიღების საფრთხეს.

რა არის მნიშვნელოვანი?  გამომდინარე იქიდან, რომ შევცვალეთ საკითხის ფორმულირება წინა ნაბიჯების განხილვისას, შესაბამისად, თავდაპირველი არაკორექტული (ზოგადი) ფორმულირებისას შეგროვილი ინფორმაცია ვერ იქნებოდა მნიშვნელოვანი / ღირებული ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემის თვალსაზრისით.

ერთადერთი ლეგიტიმური დასკვნა, რომელიც შეგვიძლია დანამდვილებით გამოვიტანოთ, არის შემდეგი:

შეგროვილი ინფორმაციის თანახმად, წითელი ღვინო ან სასარგებლოა, ან პირიქით, საზიანო გულის მუშაობისთვის, და ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორსა და ცვლადზე, რომელიც ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დასკვნა ამბობს, რომ „ამ ეტაპზე კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია“, მაინც ღირს ამ დასკვნის გაზიარება სხვებისთვის. ყოველთვის კარგია, ვიცოდეთ, რა ვიცით, და რა არ ვიცით.

მთავარი დასკვნა კი ისაა, რომ რეალობაში ძალიან ძნელია იყო რამეში ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებული. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება მივიღოთ ეს ფაქტი; მივიღოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს მსჯელობაში ხშირად არსებობს ხარვეზები, რადგან ჩვენი ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში პრაქტიკულად არასდროსაა სრულყოფილი.